არჩევნები
საოლქო კომისიის წევრი "ოცნების" საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნაირა სამსონიძე მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს, რაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით აკრძალულია.

ნაირა სამსონიძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნა, ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ანტონ ობოლაშვილის მიერ, ხუთ სექტემბერს ახალციხის სოფლების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ნაირა სამსონიძეც ესწრებოდა. ამის ამსახველი ფოტომასალა კანდიდატის ფეისბუკის გვერდზე განთავსდა, მოგვიანებით კი ის ფოტო, სადაც სამსონიძე ჩანდა, წაიშალა.

ნაირა სამსონიძეს არ უარყვია, რომ ანტონ ობოლაშვილისა და ამომრჩევლების შეხვედრას ესწრებოდა. თუმცა განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებით კანონი არ დაურღვევია. 

„დიახ, კომისიის წევრი ვარ. შეხვედრაზე დასწრება კანონდარღვევა არ არის, აგიტაციაა დარღვევა“, - გვითხრა ნაირა სამსონიძემ და ტელეფონი გათიშა. 

ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ ნაირა სამსონიძეს არ იცნობს და არც შეხვედრაზე შეუმჩნევია. 

„არ ვარ საქმის კურსში, ნაირა სამსონიძე რომელია? არ მახსენდება, ფოტო გამომიგზავნეთ. შეიძლება ვიცნობ, მაგრამ სახელი და გვარი არაფერს მეუბნება, ვერ ვხვდები ვისზეა საუბარი. ყველას გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარი, ალბათ ვერ გავაკონტროლე, ამაზე ზომებს მივიღებ“, - გვითხრა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა. მისივე გვერდიდან წაშლილი ფოტო კანდიდატს გავუგზავნეთ, შემდეგ კი დაგვირეკა და გვითხრა. 

"ეს შეხვედრა სოფელ სვირში იყო. არც შემიმჩნევია ეს ქალბატონი, შეხვედრაზე ყველა მგონია ადგილობრივი ან ჩვენი აქტივისტი, არ ვიცი ეს ქალბატონი საოლქოში თუ მუშაობს. ამ ქალბატონმა ხომ იცის კანონები, რატომ მოდის თუ ეკრძალება? შტაბებს გავაფრთხილებ, რომ მსგავსი აღარ მოხდეს"


კითხვაზე, რატომ წაიშალა ფოტო მისი ფეისბუკ გვერდიდან, გვიპასუხა:

"ფეისბუკ გვერდს ჩვენი პიარი მართავს. ადმინისტრატორს დავურეკე რატომ წაიშალა ფოტო ფეისბუკიდან, არ იცოდა და დაგიბრუნდები პასუხითო, ველოდები".

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა კანონი დაარღვია. გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის თქმით, ამაზე საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა იმსჯელოს და სამსონიძეს შესაბამისი სანქციაც დაუწესოს.

„საარჩევნო კომისიამ, რომლის წევრიც არის უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ზომა არის შენიშვნა, გაფრთხილება და თანამდებობრივი სარგოს ნაწილობრივ ან სრულად დაკავება. პარტია თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია წევრის გაწვევა გააკეთოს, ეს იქნება ძალიან სწორი. ამას ვერც ერთი პარტია გაუთვითცნობიერებლობას ვერ დაარქმევს, კანონის არცოდნა პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს, თუ კანონის არცოდნაა, ეს უფრო დიდი პრობლემაა“, - აცხადებს ქეთევან ბებიაშვილი.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არ იციან.

„აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არაფრის თქმა შემიძლია. აგიტაციას არეგუილირებს საარჩევნო კოდექსი და მასში მონაწილე პირებსაც განსაზღვრავს. ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - გვითხრა თეა გავაშელმა.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს.
| Print |