არჩევნები
საპარლამენტო არჩევნებში სამცხე-ჯავახეთიდან ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ჩაერთვება

 

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენის ვადა ამოიწურა. საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატები 22-მა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მათგან სამცხე-ჯავახეთის ორ მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ ერთია. ხუთკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ახალქალაქის საოლქო კომისიაში დარეგისტრირდა, დამოუკიდებელ კანდიდატად „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი დაასახელა. ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ მათთვის საინიციატივო ჯგუფს არ მიუმართავს.

შემდეგი ეტაპი საინიციატივო ჯგუფების მიერ, 12 სექტემბრამდე მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების წარდგენაა, თუმცა იმის გამო, რომ მკოიანი მოქმედი დეპუტატია, მას ხელმოწერების წარდგენა არ ევალება.

„ჩვენთან ერთი საინიციატივო ჯგუფი იყო, ენზელ მკოიანის დოკუმენტები წარადგინეს. როგორც დეპუტატს, ხელმოწერების წარდგენა არ სჭირდება. სხვას არავის მოუმართავს“, - გვითხრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პაატა ფანჯაკიძემ.

 

| Print |