არჩევნები
კრიტიკული კითხვების გამო, ახალციხის მერმა ცოლის სამსახური შემახსენა - გურამ ოქრომელიძე
ახალციხის სოფელ მუსხში მცხოვრებ გურამ ოქრომელიძის თქმით, კრიტიკული კითხვების გამო, მერმა შეახსენა, რომ მისი ცოლი სკოლაში მუშაობს და ეს ფაქტი გაითვალისწინოს. მსგავს დიალოგს კატეგორიულად უარყოფს მუნიციპალიტეტის პირველი პირი.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა სოფელ მუსხის მოსახლეობასთან შეხვედრა ორ სექტემბერს გამართა. შეხვედრას ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი გურამ ოქრომელიძეც ესწრებოდა. როგორც ოქრომელიძე ამბობს, მისმა კრიტიკულმა კითხვებმა მერი გააღიზიანა და მისი ცოლის სამუშაო ადგილი ორჯერ მიანიშნა, რომელიც ათი წელია მუსხის საჯარო სკოლაში, დაწყებითი განათლების პედაგოგად მუშაობს.

თავად ოქრომელიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობდა. 2012, 2013 და 2014 წლების არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი ოპოზიციაში გადავიდა. იგი არ გამორიცხავს, რომ მერის მინიშნება მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდებოდეს.


მომხდარს უარყოფს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე. ამბობს, რომ მუსხელებთან შეხვედრისას კრიტიკული კითხვები დაუსვეს, თუმცა გურამ ოქრომელიძეს ვერ იხსენებს.

„მე მოსახლეობასთან შეხვედრებზე მუსხშიც დავდივარ, ურაველშიც და ყველგან. მოსახლეობამ საკითხები უნდა დააყენოს, ამისთვის დავდივართ შეხვედრებზე. ვინ არის ბატონი გურამი? არ მახსოვს. ეგეთი საუბარი ჩვენ არ გვქონია. მთავრობა არის ჰუმანური. ვის გაუგია ჩვენგან მუქარა? ჩვენი ხელისუფლება არ არის მოძალადე, რატომ ამბობენ ამას არ ვიცი. როგორ შეიძლება ჩვენი ხელისუფლება იყოს ვინმეს დამშინებელი. სიტყვის თავისუფლებაა და ყველას შეუძლია თავისი პოზიცია გამოხატოს, ვინ დაუშალა? მუსხში სხვადასხვა კითხვები იყო, მაგრამ ვინ რა დასვა არ ვიცი“, - გვითხრა ზაზა მელიქიძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ რომ, ეს გურამ ოქრომელიძის მიმართ განხორციელებული მუქარაა. გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ ამით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

„ეს არის დისკრიმინაციული განაცხადი მოქალაქის პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე. ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს სამართალდამცავი ორგანოები, რადგან არ მოხდეს ამ მუქარის სისრულეში მოყვანა. მათ შორის, უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები“, - გვითხრა ქეთევან ბებიაშვილმა.

ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების მიერ, ამომრჩევლის მიმართ მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის შტაბში ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის დაშინების ფაქტები გაიზრდება.
| Print |