არჩევნები
სამცხის ოლქში “ტრიბუნას” კანდიდატი შესაძლოა, არჩევნებს გამოეთიშოს
სამცხის ოლქში “ტრიბუნას” კანდიდატი შესაძლოა, არჩევნებს გამოეთიშოს. ამის მიზეზი მის ბიოგრაფიაში ის დოკუმენტია, რომელიც შსს-ს მიერ ცესკოს გაეგზავნა. დოკუმენტის მიხედვით გელა კვარაცხელია იარაღის უკანონო ტარებისთვის არის ნასამართლევი, რასაც სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი კატეგორიულად უარყოფს. ,,2006 წლის აპრილში გამაჩერეს იარაღის ტარების გამო, 24 საათიც კი არ ვყოფილვარ დაკავებული, ცხადია დარღვევა არ მქონია და გამომიშვეს.

არც სასამართლო, არა პროცესი და არც მუხლი. დარღვევაც კი არ ყოფილა და სასამართლო როგორ გაიმართებოდა. ამის შესახებ 2014 წელს შევიტყვე, როდესაც რელიგიის საბჭოში ვიწყებდი მუშაობას.

მაშინაც მოვიდა შსს -სგან ცნობა და როდესაც ვითარება ავუხსენი, მუშაობის დაწყებაზე პრობლემა აღარ შემქმნია. ამიტომ ჩავთვალე, რომ პრობლემა აღარ არსებობდა“, - განაცხადა გელა კვარაცხელიამ. “ტრიბუნას” კანდიდატი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, არასასურველი პირების ჩამოშორება მსგავსი მეთოდებით ხდებოდა და მათ ბიოგრაფიაში სხვადასხვა მუხლებით ნასამართლეობას უწერდნენ.

იგი მმართველი პარტიის ინტერესებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის ჩახსნა საპარლამენტო არჩევნებიდან, ამ ქმედებით მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია.


| Print |