არჩევნები
„ოცნებამ ხმის მიცემის სანაცვლოდ 1 000 ლარი შემომთავაზა“ - ადგილობრივი
ახალციხის სოფელ მუსხის მკვიდრი გურამ ოქრომელიძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მხარდაჭერისთვის ფინანსურ სარგებელს დაპირდა. იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე 41 ნომერს შემოხაზავდა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ანახებდა, 1 000 ლარს მიიღებდა. მუსხის მკვიდრი ამბობს, რომ ამ წინადადებით მასთან თანასოფლელი, „ქართული ოცნების“ აგიტატორი გიორგი ფილიშვილი მივიდა.

გურამ ოქრომელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. ამბობს, რომ სოლიდური თანხა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მოსყიდვისთვის შესთავაზეს. მან ცხრა სექტემბერს განაცხადა, რომ მაჟორიტარ კანდიდატთან შეხვედრისას დასმული კრიტიკული კითხვების გამო, ახალციხის მერი ცოლის სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამის გარდა, წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია პენსიონერებს მხარდაჭერის სანაცვლოდ სასურსათო პაკეტებს სთავაზობს. სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

გიორგი ფილიშვილი სახლში არ დაგვხვდა. ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს, რომ წლებია მმართველი პარტიის აქტიური წევრია. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"ქართული ოცნების" ახალციხის ოფისის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ ადგილობრივის განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციაა.

| Print |