არჩევნები
ახალციხეში "ნაციონალების" წევრებმა საოლქო კომისიასთან მშვიდობიანი აქცია გამართეს
ახალციხეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 30-მდე მხარდამჭერი საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბა. მშვიდობიანი აქციით გუშინ, 29 სექტემბერს მარნეულში საარჩევნო კომისიის წევრზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას დროული, ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ოპოზიციური პარტიის წევრებმა ინცინდენტი დაგმეს და განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ყველა პოლიტიკური ძალა თანაბარ პირობებში უნდა იმყოფებოდეს.

მსგავსი სახის აქცია საქართველოს თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიმბოლურად, საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისთან შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლაშა ქველაძესა და მის მამას თავს დაესხნენ. დაზარალებულები მომხდარში „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესაც ადანაშაულებენ. ორივე დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.

მათ გარდა, ინცინდენტის როს დაშავდა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი და პირველი არხის“ ოპერატორი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 126-ე ძალადობისა და 154-ე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით დაიწყო.


| Print |