არჩევნები
წინასაარჩევნოდ ვაჟა ჩიტაშვილისა და მელიქ რაისინის სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკურ შემოწირულობები შეისწავლა. 

ორგანიზაციამ მაჟორიტარი კანდიდატებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს-საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, ამ პირებისა და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შეისწავლა. კლევაში მოხვდა ოპოზიციური ბლოკის კანდიდატები ჯავახეთისა და სამცხის ოლქებში.

კვლევის თანახმად, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი, შპს „ნარდის“ დირექტორია. მისი მეუღლე მარინა ზაქროშვილი კი აღნიშნული კომპანიის 24%-ს და შპს „სტომატოლოგის“ 7%-ს ფლობს.

ვაჟა ჩიტაშვილმა 2016 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 5,000 ლარი შესწირა, 2018-ში „ევროპულ საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 2,000 ლარი.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი მელიქ რაისიანი (წარსულში საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2008 წლებში) არის შპს „ალექს იმპორტ კომპანიის“ 100%-იანი მფლობელი და დირექტორი. მისი შვილი კარლოს რაისიანი კი ინდ. მეწარმეა.

გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში სულ 5 სუბიექტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები".

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობას" პირველი მსგავსი კვლევა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ეძღვნებოდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მომავალში სხვა პარტიების კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებსაც შეისწავლიან.
| Print |