არჩევნები
ჯავახეთის ოლქში კანდიდატურა კიდევ ერთმა კანდიდატმა მოხსნა
პარტია “თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, სამველ ეღიაზარიანმა, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში იყრიდა კენჭს, განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და მაისი მისამართით ზეწოლა არ განხორციელებულა.

“მას შემდეგ, რაც პოლიტიკას გავეცანი, გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი არ იყო და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. მინდა ვთქვა, რომ როგორც ადრე ვიყავი ჩემი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე სუფთა, წესიერი, სწორედ ახლაც მინდა ბოლომდე სუფთა და პატიოსანი ვიყო. ჩემზე არანაირი ზეწოლა და მუქარები არ განხორციელებულა. ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა. ჩემს გადაწყვეტილებას პარტია გაგებით მოეკიდა”,- განუცხადა JNEWS- ს სამველ ეღიაზარიანმა.

პარტია “თავისუფალი საქართელოს” თავმჯდომარემ კახა კუკავამ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, სამველ ეღიაზარიანი სექტემბრის შუა რიცხვებში წარადგინა.

ცოტახნის წინ კანდიდატურა მოხსნა მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ჯავახეთში. "ლელო-საქართველოს" რჩეულმა სოცგარ ფუთულიანმაც ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ იყო.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ჯავახეთის ოლქიდან არჩევნებში მონაწილეობას უკვე 5 მაჟორიტარი და 2 პროპორციული კანდიდატი მიიღებს.
| Print |