არჩევნები
ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში - ნაცემია "ოცნების" კანდიდატი
ახალქალაქის სოფელ პატარა სამსარში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაშავდა. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, მოსახლეობასა და სამველ მანუკიანს შორის შეკამათება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

სამველ მანუკიანი სახეზე დაბეჟილობებით ახალქალაქის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. კლინიკის მთავარი მენეჯერის ალექსან თოროიანის თქმით, დეპუტატობის კანდიდატი სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაეწერა.

"პატარა სამსარში ჩხუბის დროს, სამველ მანუკიანი სცემეს, რის გამო სახეზე დაჟეჟილობა ჰქონდა. საავადმყოფოში იმყოფებოდა და მალევე გაიწერა"
- აცხადებს ალექსან თოროიანი.

თავად სამველ მანუკიანი ცემის ფაქტს უარყოფს. სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ჟურნალისტს ტელეფონს უთიშავს.

"მსგავსი რამ არ ყოფილა და თქვენ ვინ ხართ არ ვიცი". - ამბობს სამველ მანუკიანი. 

"ქართული ოცნების" ახალქალაქის შტაბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან. თუმცა აღნიშნავენ, რომ მანუკიანი შტაბში ორი დღეა არ მისულა.

"არ ვიცით, რა მოხდა, ორი დღეა არ გვინახავს. ახლა საქმეზე ნინოწმინდაშია წასული" - განუცხადეს "მეცხრე არხს" "ქართული ოცნების" ახალქალაქის შტაბში.

შემთხვევა სოფელ პატარა სამსარში 25 ოქტომბერს მოხდა.
| Print |