არჩევნები
მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობამ 26.29% შეადგინა
ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია - 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში - 20.04%.

რეგიონების მიხედვით, ამომრჩევლის აქტოვობა შემდეგია: აჭარა - 30.3%, თბილისი - 21.9%, იმერეთი -27.6%, კახეთი- 33.7%, მცხეთა-მთიანეთი - 32.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 28.6%, ქვემო ქართლი - 29.2%, შიდა ქართლი -33.2%.

რაც შეეხება აქტივობას მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 22.44% შეადგინა, ვაკეში - 21.68%,საბურთალოზე - 21.07%, ისანში - 21,55%, სამგორში - 22.77%,დიდუბე, ჩუღურეთში -25.02%, ნაძალადევში - 20.04%, გლდანში - 20.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხში - 33.72%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში - 32.49%, რუსთავი, გარდაბანში - 29.23%, ხაშური-ქარელში - 33,21%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათში - 34.51%, ქუთაისში - 21.83%, ზუგდიდში - 28.58%, ბათუმში - 24.35%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოში -39.29“ .

დღეს არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა.

ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 140 210 იყო. ქვეყნის მასშტაბით, 17 მაჟორიტარულ ოლქში სულ გახსნილი იყო 1 914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 სპეციალური უბანი. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ 4 095 ამომრჩეველს მოემსახურა.
| Print |