არჩევნები
ნინოწმინდაში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მხოლოდ ნინოწმინდას ეყოლება. სურენ მოსოიანი ხუთკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საბუთების შემოწმების შემდეგ, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოსოიანი დამოუკიდებელ კანდიდატად დაარეგისტრირა.

„საინიციატივო ჯგუფმა შემოიტანა განცხადება ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე, განცხადებაში ჰქონდათ ხარვეზი, დრო მივეცით, შეასწორეს კანონით გათვალისწინებულ დროში და შემდეგ ჩვეულებრივ დავარეგისტრირეთ ჯგუფი. შემდეგ ვადა მივეცით ხელმოწერების შესაგროვებლად, ხელმოწერები შემოგვიტანეს, ყველაფერი ნორმალურად ჰქონდათ და დავარეგისტრირეთ კანდიდატი“, - გვითხრა #41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ზარუჰი ესოიანმა.

საინიციატივო ჯგუფებმა რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინეს. ბორჯომში ოთარ არბოლიშვილი, ახალციხეში ილია ინასარიძე და ბეჟან მიქელაძე, ადიგენში ამირან მინაძე და ნუგზარ მგელაძე, ნინოწმინდაში კარაპეტ ჩივჩიანი და ვეტიკ აროიანი.

რაც შეეხება ახალქალაქს - აქ საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, თუმცა კანდიდატის რეგისტრაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში ვეღარ მოასწრეს.
| Print |