არჩევნები
ბორჯომს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ადგილად - პრემიერი

 

2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ , 3 წელი ექნება მთავრობას და ხალხს, რომ რეალური საქმე დავიწყოთ და რეალურად მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბორჯომის პოტენციალზე და ისაუბრა „განახლებული რეგიონების“ პროგრამაზე, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს.

„ბორჯომზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას. ბორჯომს აქვს უზარმაზარი, უნიკალური პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ადგილად მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რაც გულისხმობს ეტაპობრივად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას. რეალურად, ჩვენ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი უნდა გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას გამოიწვევს და ვაქცევთ რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ. წელს ვხარჯავთ 500 მილიონს ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ახალი პროგრამა და პროექტი დაფინანსდება მომდევნო წლებშიც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას აქტიურად”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის შესახებ და აღნიშნა, რომ ოთარ არბოლიშვილი წესიერებით გამორჩეული ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ კანდიდატებს. ვარჩევთ ისეთ ხალხს, რომლებიც უანგაროდ და დიდი სიყვარულით ემსახურება და მოემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ამიტომ, ბორჯომში შევარჩიეთ ძალიან წესიერი, ყურადღებიანი, მზრუნველი კაცი მშრომელი, თავისი უნარებით გამორჩეული, ბატონი ოთარ არბოლიშვილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება, ბოლომდე მოემსახურება ბორჯომს და თავის საყვარელ ხალხს. ჩვენ ასეთი ხალხი გვჭირდება - წესიერებით გამორჩეული და უნარებით გამორჩეული ხალხი, რომლებიც მხოლოდ საქმეზე იფიქრებენ, მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე იფიქრებენ და იზრუნებენ და 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

| Print |