არჩევნები
2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარები დააკვირდებიან
ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან, უკვე საქართველოში არიან. დელეგაციას მიჰაილ გალარი ხელმძღვანელობს.

მონიტორების 7 კაციან ჯგუფში მარინა კალიურანდი,მარკეტა გრეგოროვა და ანა ფოტიგაც არიან.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოში, 2 ოქტომბრის არჩევნებს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, ევროპარლამენტიც დააკვირდება. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენია:

მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე
მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი)
მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი)
კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი)
მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი)
ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი)
ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)


რაც შეეხება არჩევნების დღეს, ეფექტიანი სადამკვირვებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვერ დავასახელებთ იმ საარჩევნო უბნებს/ადგილებს, სადაც დამკვირვებლები მივლენ.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: ევროპარლამენტის წევრების სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, სადამკვირვებლო მისიაში მონაწილე ევროპარლამენტარებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური გარემოს თუ საარჩევნო პროცესის შეფასებისგან ერთობლივ პრესკონფერენციამდე, რომელიც ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოსთან ერთად გაიმართება საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ, მალევე. ,,ეს წესი არჩევნებზე დაკვირვების "ქცევის კოდექსს" შეესაბამება, ამიტომ, ვატყობინებთ მედიას, რომ ერთობლივ პრესკონფერენციამდე, ვერ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ თხოვნა ევროპარლამენტარებთან ინტერვიუს თუ კომენტარის შესახებ", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |