არჩევნები
უბნებს, სადაც ბევრი ბიულეტენი გაბათილდა, ახალციხის საოლქო ხელახლა ითვლის
#37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოთხი უბნის ბიულეტენები გახსნეს. კომისია 1-ელ, მე-4, მე-8 და 28-ე უბნის შედეგებს ხელახლა გადაითვლის.

ახალციხეში სხდომა 22:00 საათზე დაიწყო. კომისიამ ჯერ მხოლოდ პირველი უბნის გადათვლა დაასრულა.

"პირველი უბანი დავთვალეთ სრულად, ყველა ბიულეტენი, დანარჩენებს მაჟორიტარებს გადავთვლით. ამ უბნებზე ბათილი ბიულეტენია ბევრი. მაგალითად, პირველ უბანზე 49 ბათილი იყო, მერვე უბანზე მაჟორიტარების 40 ბიულეტენია გაბათილებული, მეოთხე უბანზე 35. პირველი უბნის გადათვლისას ბალანსი არ შეცვლილა, "გახარია საქართველოსთვის" ერთი ბიულეტენი გაბათილდა, ანუ ამ გადათვლით ერთი ხმა დააკლდა პარტიას", - გვითხრა #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელმა.

დალუქული ბიულეტენების გახსნის რეკომენდაცია საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოსგან მიიღეს, რომელმაც საოლქოებს ურჩია, გაეხსნათ ის უბნები, სადაც საეჭვოდ ბევრი გაბათილებული ბიულეტენი, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი იყო. ასევე, ის უბნები, რომელთა გადათვლასაც დამკვირვებელი ორგანიზაციები ითხოვდნენ.

| Print |