N44–ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურისთვის მზადება სრულდება. 30 ოქტომბერს ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ახალციხელებს ამავე დღეს კიდევ ერთი არჩევნის გაკეთება მოუწევთ – თვითმმართველი ქალაქის მაცხოვრებლები მერობის ორი კანდიდატიდან საკუთარ პოზიციას ერთი მათგანის სასარგებლოდ დააფიქსირებენ.
N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ პროცედურისთვის საჭირო ყველა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია და ოლქი არჩევნებისთვის მზად არის.
წინასაარჩევნო კამპანიას ჯერ კიდევ აქტიურად აგრძელებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შემთხვევაში ამომრჩეველმა 41 ნომრით მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე, ხოლო ახალციხის მერობის კანდიდატი ვალდიმერ ზედგინიძე უნდა აირჩიოს.
იმ შემთხვევაში თუ სიმპათიები „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იხრება, კაბინაში ამომრჩეველმა ბიულეტენზე 5 ნომერი უნდა შემოხაზოს. რაც ნიშნავს იმას რომ მაჟორიტარობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილს აირჩევს, ახალციხის მერობის კანდიდატის არჩევისას კი ხმას ირაკლი ერეკლიშვილს მისცემს.
N44–ე მაჟორიტარულ ოლქში ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან, რომლის შემადგენლობაშიც 53 უბანი შედის. მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატის გარდა, თვითმმართველი ქალაქის მერს ახალციხის 13 უბანზე აირჩევენ. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ვაჟა ჩიტაშვილმა გიორგი კოპაძეს არჩევნები 1 275 ხმით მოუგო, ხოლო ირაკლი ერეკლიშვილმა ვლადიმერ ზედგინიძეს – 690 ხმით.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ბექა ზედგინიძე.
|