არჩევნების შედეგების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ახალციხის მერობის კანდიდატმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ირაკლი ერეკლიშვილმა ყურადღება დარღვევებზე გამახვილა და ქალაქის მოსახლეობას მიმართა.
ქალაქის მასშტაბით, 15 000–მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან კენჭისყრის პროცესში 7 679 მოქალაქე ჩაერთო.
ირაკლი ერეკლიშვილმა არჩევნები ახალციხის 13 უბნიდან 11 უბანზე, 3 532 ხმით მოიგო. 2 უბანზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ვლადიმერ ზედგინიძე ლიდერობს, რომელმაც ამომრჩეველის 2 840 ხმა მიიღო.
მიუხედავად ამისა, ამომრჩეველთა 50%–ზე მეტი ვერცერთმა მათგანმა დააგროვა, შესაბამისად, დაინიშნება არჩევნების მეორე ტური.
“მეცხრე არხი” “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატის ჩაწერასაც ცდილობს, თუმცა ვლადიმერ ზედგინიძეს, მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
თიკო კურტანიძე
|