ცესკო-მ თბილისსა და რეგიონებში იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაასრულა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში "საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი" დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო.
პროექტის მიმდინარეობისას, ჩატარდა გამოკითხვაც, გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 684-მა ამომრჩეველმა, აქედან 27 360-მა განაცხადა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით გაუადვილდა კენჭისყრაში მონაწილეობა.
პროექტი 6 ივლისიდან დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდა. ამომრჩევლები პირადად ეცნობოდნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის ყველა საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობდა.