გამოგონილი დღესასწაულები და "ოცნების" შეფარული კამპანია - "აი ფაქტის" კვლევა
“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კულტურულ ღონისძიებებს იყენებს. პარტიისთვის კონცერტები სტრატეგიული ინსტრუმენტია ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის, - ეს წერია "აი ფაქტის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვების შედეგად.
"აი ფაქტმა" წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლა, 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ჩატარებული და დაგეგმილი 67 ღონისძიება. მათი 49 პროცენტი ეძღვნება ქალაქის ან დაბის დღის აღნიშვნას. მაგალითად, აღინიშნება მარნეულობა, გარდაბნობა, ადიგენობა და ა.შ. ოღონდ, ყველა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სექტემბერსა და ოქტომბერშია დაგეგმილი. ისინიც კი, რომელიც ბოლო წლებში, ძირითადად, აგვისტოში ან ნოემბერში ტარდებოდა.
საქართველოში “ადიგენობა” და “მარნეულობა” ადრე არ აღინიშნებოდა. ისინი “ქართული ოცნების” მთავრობამ გამოიგონა და პირველად 2023 წელს ჩაატარა. “ადიგენობაზე”, რომლის აღსანიშნად 2023 წელს ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯა. წელს ეს თანხა 79 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან 13 500ლარი მერიამ მხოლოდ სადეგუსტაციო სუფრასა და საზეიმო ვახშამში გადაიხადა. მენიუს არც მესხური ღვინო აკლდა, არც აპოხტის ხინკალი და არც ლოკოკინები.
2022 წელს ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე ამბობდა, “ადიგენობას” ყოველი წლის 14 მაისს, თამარობის დღესასწაულზე აღვნიშნავთო. “ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ოქროს ციხემდე გაკეთდეს გზა, სადაც ტრადიციულად ყოველთვის გავმართავთ თამარ მეფის საპატივსაცემოდ ჩვენს ადიგენლობას”.
თუმცა, “ადიგენობა 2024” არც 14 მაისს აღინიშნა და არც ოქროს ციხეზე. საზეიმო ღონისძიებები 28 სექტემბერს დაბა ადიგენში გაიმართა. ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოწყობილი იყო საბავშვო და გასართობი სივრცეებიც. ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მოსახლეობის განწყობაზე ჯგუფი “ბანი” ზრუნავდა. გალა კონცერტზე კი, რომელიც “გრანდიოზული ფოიერვერკით” დაგვირგვინდა, ბენდი “მიქსტურა” უკრავდა.