"მთავრობის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ჩვენს თაობას წაკითხულის გააზრების უნარი არ გვაქვს"- თათია აფრიამაშვილი
12:05 / 23.10.2024
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით ათასობით ახალგაზრდა დააკვირდება. მათ შორის არიან ახალციხელი სტუდენტები. მოხალისე დამკვირვებლები.
ისინი, როგორც საკუთარი, ისე დანარჩენი ამომრჩევლის ხმების დაცვას აპირებენ. მათ შორის ერთ-ერთია თათია აფრიამაშვილი, რომელიც თბილისიდან ახალციხეში ერთი დღით, არჩევნების პროცესის დასაკვირვებლად ჩამოვა. ის 19 წლისაა და საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი იქნება.
თათია აქტიურად იყო ჩართული ე.წ. „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციებში. ის მეგობრებთან ერთად ყოველ დღე იდგა რუსთაველზე და ხელისუფლების მხრიდან ერთხელ უარყოფილ და ხელახლა ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა.თათიას თქმით, ხელისუფლების მიმართ ახალგაზრდების გულისწყრომის მიზეზი დიდწილად, კანონის მიღება და საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებაა.