ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
23:18 / 26.10.2024
ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად, შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს. ეს, რა თქმა უნდა, შედეგია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა სწორად, მიზანმიმართულად დაგეგმა და შესაბამისად, ეფექტიანად განახორციელა - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ინფორმირების, ქცევის ტრანსფორმირებაზე ორიენტირებული, უპრეცედენტო და ფართომასშტაბიანი კამპანია, გაიმართა შესაბამისი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ასევე განხორციელდა საარჩევნო პროცესში რისკების დაზღვევაზე ორიენტირებული საქმიანობა და სხვა არაერთი ნოვაციური პროექტი.
,,სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის" - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.