რამდენი საჩივარი დააკმაყოფილა ცესკომ ოლქებში ქვეყნის მასშტაბით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 1201 საჩივარი იყო წარმოდგენილი, საიდანაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167, არ დაკმაყოფილდა 917, ხოლო განუხილველად დარჩა 107 საჩივარი.
როგორც პრესკონფერენციაზე სანტურიანმა განაცხადა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს. ამასთან, მისი თქმით, 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები ხელახლა გადაითვალა, თუმცა ამან საბოლოო შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა.
"ამასთანავე მნიშვნელოვანია, წარმოვადგინოთ შესაბამისი ინფორმაცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით რამდენი საჩივარი იყო წარმოდგენილი. აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. ამათგან უდიდესი ნაწილი შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად, შედგენილ იქნა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა და მიეწოდა სასამართლოებს.
მთლიანობაში, მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში და საერთო სასამართლოებშიც, კერძოდ, პირველ ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“,- განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.