ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
13:27 / 26.08.2017
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, თუმცა პარტიები და კანდიდატები არ ჩქარობენ. ახალციხეში, მერობის კანდიდატი ჯერჯერობით მხოლოდ ორმა პარტიამ წარადგინა. ამომრჩეველთა ნდობის მოსაპოვებლად მათ ორთვიანი ვადა აქვთ.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო პროგრამის შედგენა დაასრულა. ახალციხის მერობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ ქალაქ ახალციხისა და სოფლების კარდაკარ შემოვლა ჯერ არ დაუწყია, თუმცა ამომრჩეველთან სისტემატიური ურთიერთობა აქვს.
რთულ წინასაარჩევნო პერიოდს აანონსებს "ევროპული საქართველოს" ახალციხის მერობის კანიდატი. ვაჟა ჩიტაშვილი ეჭვობს, რომ ორი თვის მანძილზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა დაშინების არაერთი ფაქტი გამოვლინდება. წინასაარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის გაცნობას, სექტემბრიდან დაიწყებს.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამბობენ, რომ კანდიდატებს სამცხე–ჯავახეთში უახლოეს დღეებში, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ დაასახელებენ. მანამდე კი ახალციხის მერობის ერთ–ერთ კანდიდატად, მუნიციპალიტეტის გამგებელს მოიაზრებენ. პარტია იმსჯელებს და გადაწყვეტს, ვისი კანდიდატურა წამოაყენოს – ამბობს ზაზა მელიქიძე. ის ირწმუნება, რომ ამ დრომდე "ქართულ ოცნებას" მასთან მოლაპარაკებები ან რაიმე შეთავაზება არ ჰქონია.
"გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში" ჯერ არ გადაუწყვეტიათ, იბრძოლებს თუ არა ვინმე მათი სახელით, ახალციხის მერობისთვის. პარტიაში ამბობენ, რომ რეგიონებში წარსადგენ კანდიდატებზე, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდებიან. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, ამ დრომდე კონსულტაციებს მართავს.