21 ოქტომბერს, ამომრჩეველი სამ ბიულეტენს შემოხაზავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად კენჭისყრის შენობაში მისულ ამომრჩეველს სამი ბიულეტენი დახვდება.
,,სამი საარჩევნო ბიულეტენიდან ამომრჩეველი ერთით საკრებულოს წევრობის სასურველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, მეორე ბიულეტენით მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის წარმომადგენელ დეპუტატს და მესამე ბიულეტენით მუნიციპალიტეტის მერს აირჩევს. საერთო ჯამში, ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება’’,– ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა გაუქმდა. მოსახლეობა ყველა თვითმმართველ ერთეულში მერებს აირჩევს.