ეკონომიკა
ნათია თურნავამ გიორგი ქობულია შეცვალა
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვრედზე უკვე აიტვირთა.

შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ნათია თურნავა, ამ დრომდე გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა და ამ პოზიციას 9 თვის განმავლობაში იკავებდა.



ნათია თურნავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1990 წელს დაამთავრა; გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. დაეუფლა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას.

1996-2000წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე;
2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
2013-2018წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.
2018 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; არის ავტორი წიგნებისა: "ელემენტარული ეკონომიკა" (1998); "ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები" (2002); "მსოფლიო ეკონომიკა" (2001). ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1994), ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის კანდიდატი (2014).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საბაზრო მოთხოვნისა და მიწოდების თავისებურებანი სასაქონლო დეფიციტის პირობებში", დაიცვა 1994 წელს.
| Print |