ეკონომიკა
სააღდგომოდ გაძვირებული ფასები
ახალციხის ცენტრალურ ბაზარში, მიუხედავად აღდგომის დღესასწაულისა, მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა.

ახალციხის ცენტრალურ ბაზარში მყიდველებიც და გამყიდველებიც ამბობენ, რომ სააღდგომოდ ფასები გაზრდილია.

„გაყინული თევზის ფასმა რამდენიმე ლარით მოიმატა. მაგალითად, სკუმბრია ადრე 6 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ახლა კი 8 ლარი და 50 თეთრი ღირს. ასეთი მდგომარეობა მოსახლეობაში ჯერ არ მინახავს, კლიენტი მოდის და მეუბნება ორი ცალი თევზი ამიწონე, ვწონი ორ ცალს და მინიმუმ ექვსი ლარი უწევს“,- ამბობს ნინო ზასეშვილი.



ფასი სააღდგომოდ მომატებულია ქარხნული კვერცხსა და ენდროზე. კვერცხის შესაღებად საჭირო ერთი კონა ენდროს ფესვების შეძენა 70 თეთრიდანაა შესაძლებელი. ხოლო ფხვნილი, რომელიც კვერცხს სხვადასხვა ფერად ღებავს, ერთი შეფუთვა 60 თეთრი ღირს.

„ხალხს ძალიან გვიჭირს, რა აღდგომის სუფრაზეა საუბარი, აღარ დავეძებთ ქათამს, გოჭსა და ინდაურს, მთავარია როგორღაც კვერცხი შევიძინოთ. ახალგაზრდები უმუშევრები არიან, მთელი წელი სოფელში იმისთვის ვწვალობთ, რომ რაღაცის ყიდვა შევძლოთ დღესასწაულებზე “,-გვიყვება შორენა ქველაძე.

ფასების მომატებასა და პროდუქციის ნაკლებ რეალიზაციაზე საუბრობს კვერცხისა და ენდროს გამყიდველი მზია გაბოშვილიც. “პროდუქციის რეალიზაცია წელს ძალიან ჭირს ბაზარზე, ამ წუთას ვყიდი კვერცხსა და ენდროს. ენდრო შარშანდელთან შედარებით ძალიან გაძვირდა 70 თეთრი გახდა. ციცრის კვერცხს რაც შეეხება ერთი ცალი ორი ლარი ღირს, ამ ყველაფრის მიზეზი კი უმუშევრობა და გაჭირვებაა“.
| Print |