ეკონომიკა
"ვარძიაში აჟიოტაჟის ამტეხი არის პირი, რომელიც ფეოდალად ჩამოყალიბდა" - ემზარ ასპანიძე
კლდეში ნაკვეთი ვარძიის მოპირდაპირედ 15-მდე სახეობის ხე ხარობს. ემანიუსი, ცაცხვი, მარადმწვანე მუხა, ნეკერჩხალი, კედარი, სვანური ნაძვი, მირონის ხე - ყველა მათგანი ადაპტაციას გადის. 150-მდე ნერგი ემზარ ასპანიძემ აფხაზეთიდან ჩამოიტანა. ამბობს, რომ მესხეთის კლიმატს რომელიც შეეგუება, იმას დარგავს. ეს ერთადერთია, რაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკანონოდ არ მიაჩნია. მიწის მესაკუთრემ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება ვერ მოიპოვა.



შპს „ნიალამ“ მესხური არქიტექტურით შემუშავებული კომპლექსის პროექტი, თაროზე გაურკვეველი ვადით შემოდო. ემზარ ასპანიძე ამბობს, რომ ტრადიციული, მიწური სახლებისგან შემდგარი სასტუმრო აშენდება, მაგრამ როდის - ეს არ იცის.

„დაიწყო ჩვენთვის გაურკვეველი პროცესები. რაც ჩვენ გავაკეთეთ, იმაზე ნებართვას არც ერთი კანონმდებლობა არ ითხოვს. ამის მიუხედავად, ჩვენი კეთილი ნებით მივმართეთ მერიას. გამწვანებაზე მოგვცა ნებართვა, რაც თავისთავად გულისხმობდა დატერასებას. ოფიციალურად მივმართეთ სააგენტოს, რომ არქეოლოგიური ზედამხედველობა განეხორციელებინათ. დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ადგილზე ჰყავდათ თანამშრომელი, რომელიც დაესწრებოდა სამუშოებს. რამდენიმეჯერ იყვნენ მოსულები. მუშებს ემუქრებოდნენ, ნეტავ ქოთნის ყური შეგვხვდეს აქ და მერე ნახავთო“, - ამბობს ემზარ ასპანიძე.



„ის განხორციელდა, რაც არ უნდა განხორციელებულიყო. არა იმიტომ, რომ ვინმეს პროექტი არ მოსწონს. არამედ იმიტომ, რომ იყო უნებართვო და ამ ლანდშაფტში თამაშის წესები არ არის დადგენილი“, - გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

„არა მგონია, რომ სამთავრობო დონეზე წინასწარ განზრახული ხელის შეშლა იყოს“, - ამბობს ემზარ ასპანიძე და იმ პიროვნებას ასახელებს, ვისაც მისი აზრით, აქ სასტუმროს მშენებლობა არ აწყობდა.



ემზარ ასპანიძის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს კახა ზაზაძე. ბიზნესმენს გამოეხმაურა ნიკოლოზ ანთიძე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ასპანიძის პოზიციას სირცხვილი უწოდა.

„კახა ზაზაძე მუზეუმ-ნაკრძალის საუკეთესო ხელმძღვანელია. 2015 წელს, როცა დავნიშნეთ, მუზეუმმა გაასამმაგა შემოსავლები. ასეთ ადამიანთან შეიძლება ვიმეგობრო კიდევაც. რაც შეეხება ვიწრო ინტერესებს - კახას აქვს იმდენად კარგი სასტუმრო, რომ რიგი უდგას და ადგილები რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნულია. კახა ზაზაძის ინტერესებს ვერ ვხედავ იქ“, - გვითხრა ნიკოლოზ ანთიძემ და კლდეში ნაკვეთი ქალაქის ძირში უნებართვო მშენებლობებზეც ისაუბრა.

„ეს დატერასება არის მესხური ჯიშის ვენახის გასაშენებლად. ტურისტმა უნდა ნახოს, რომ ასეთი ვენახები არსებობდა. ისევ ძეგლის სწორედ წარმოდგენისთვის და მუზეუმოგრაფიისთვისაა გაკეთებული. ეს არ არღვევს ლანდშაფტს. აქ შენობაც ყველა პროცესის დაცვით, შენიშვნებით და რეკომენდაციებით აშენდა მუზეუმისთვის. ეს არის აუცილებელი მოთხოვნა ძეგლისთვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. რაც შეეხება სასტუმროს და სხვა შენობებს - არც მათი მშენებლობა იყო ჩვენთან შეთანხმებული. ესენი გაკეთდა დაახლოებით, 15 წლის წინ, მათი არსებობა უკვე მოცემულობაა და ამას ვერ შევცვლით“.

შპს „ნიალამ“ ტერიტორიის დატერასება და გამწვანება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოების შეჩერება რამდენჯერმე მოითხოვა სააგენტომ და მერიამ. ნიკოლოზ ანთიძის პოზიციას ემზარ ასპანიძე გაუგებარს უწოდებს.

„სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ ძეგლის დაცვაზე, არამედ მომავალ განვითარებაზე, მიდგომა ასეთი ენთუზიაზმით დაწყებული პროექტისადმი არის სრულიად გაუგებარი. იმის მაგივრად, დაჯდეს და დაგველაპარაკოს, სხვადასხვა წყაროებით ქვეყნის დამაქცევარს გვიწოდებს“.


ხედი შპს "ნიალას" ტერიტორიიდან

"ვინ უთხრა კედელი გაამაგრეო?" - კითხულობს ნიკოლოზ ანთიძე.

„ზედა ტერასა გადის ვარძია-გოგაშენის საავტომობილო გზის ძირში. როცა დავიწყეთ მუშაობა, იქ სამშენებლო ნარჩენები იყო ჩყრილი. ამოვასუფთავეთ და იმის გამო, რომ გზის ჩამონგრევის საშიშროება იყო, გავაკეთეთ დამჭერი კედელი. სხვა სამშენებლო სამუშოები არ გვიწარმოებია“, - ამბობს ემზარ ასპანიძე. მისი თქმით, კედლის ამოშენების შესახებ ოფიციალურად არავისთვის მიუმართავს. ბიზნესმენის თქმით, პროექტზე სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა. დასტურად 2018 წლის იანვარში გამართული შეხვედრა მოჰყავს, რომელსაც ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელები ესწრებოდნენ.

„ჩვენი მხრივ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენი ინიციატივით მოვაწყვეთ შეხვედრა, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, მეუფე თეოდორე, ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი „არსის“ დირექტორი გია აბულაძე. წავადგინეთ ჩვენი კონცეფცია, ყველას მოეწონა, მათ შორის ანთიძეს. ჩამოვყალიბდით, რომ სააგენტოს უნდა მოემზადებინა გენერალური განვითარების გეგმა და ამაში სრულიად ვეთანხები. მეორე წელი დაიწყო და თითი თითზე არ დაუკარებიათ". 

შეხვედრას ადასტურებს ნიკოლოზ ანთიძეც.

„შეხვედრაზე ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე იყო საუბარი. იყო იდეები, რა იქნებოდა კარგი რომ აქ გაკეთებულიყო. აქვე იყო ნათქვამი, რომ სანამ არ იქნება ერთიანი დოკუმენტი, ჯობია ყველამ თავი შევიკაოთ. სივრცითი მოწყობის დოკუმენტი 2015 წელს დამუშავდა და უკვე მზადაა. ახლა მიმდინარეობს ფინანსების მოძიება, რომ გენერალური განაშენიანების გეგმა შემუშავდეს. ვფიქრობთ, რომ 2 წელი დასჭირდება, იუნესკოსთან შეთანხმებული დოკუმენტის მომზადებას“.

ვარძიის მოპირდაპირედ მიწის ფართობი შპს „ნიალამ“ 2015 წელს აუქციონზე შეისყიდა. კომპანიას პროექტის განხორციელება 10-12 მლნ. ლარი უჯდება. თანხის ნაწილის დახარჯვას ემზარ ასპანიძე და მისი ბიზნესპარტნიორი, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი სოსო ორჯონიკიძე აპირებდნენ. ასპანიძის თქმით, დაწყებული იყო მოლაპარაკებები შვეიცარულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც შპს „ნიალას“ 25-წლიან, 2%-იან სესხს აძლევდა.

„როგორც ამ კუთხის შვილებს, მე და სოსო ორჯონიკიძეს გვინდოდა მცირე წვლილი შეგვეტანა მის განვითარებაში. ჩვენი ჩანაფიქრი იყო, რომ შეგვექნა ისეთი კონცეფცია, რომელიც ბიძგს მისცემდა ვარძიის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობას როგორც ტურისტული, ისე საგანმანათლებლო კუთხით“, - ამბობს შპს „ნიალას“ თანამფლობელი.


სასტუმროს პროექტი

პროექტის მიხედვით, 13 000 კვ.მ. ფართობზე 12 ტერასა, თითოეულზე 5-8 ოთახი განთავსდება. მოეწყობა რეწვის ნიმუშების გამფენები. ობიექტზე მხოლოდ ტურისტებს არ უმასპინძლებენ. „ეროვნული მნიშვნელობის პროექტს“ საგანმანათლებლო დანიშნულება ექნება.

„ბავშვებს და მასწავლებლებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ ვარძიის სანახავად, შესაძლებლობა ექნებათ ჩაატარონ გაკვეთილები. შეაყვარონ არა მარტო ვარძია, არამედ ქვეყანა. შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ვუძღვნიდით“,



ემზარ ასპანიძე და მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი სოსო ორჯონიკიძე ბიზნესპარტნიორები არიან. წარმოშობით მესხი ბიზნესმენები რამდენიმე პროექტში თანამშრომლობენ. ასპანიძე ამბობს, რომ „ეროვნულ პროექტს“ მომავალში აუცილებლად დაუბრუნდებიან.
| Print |