ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7435 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7400 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0831 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0770 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 14 მაისიდან შევა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკა უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალურს გახდის ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი არის, რაც ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში ყოველთვის იქნება მერყეობები. რაც უფრო მნიშვნელოვნია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია და ეს საქართველოში არის შენარჩუნებული, მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდშიც ასე იქნება. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება დოლარიზაციასთან დაკავშირებით, დედოლარიზაციის პოლიტიკა არის გაცხადებული პოლიტიკა ეროვნული ბანკისა და ზოგადად ხელისუფლების მიერ და ვფიქრობ, რომ ის შემცირება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო, დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით მოხდა დოლარიზაციის შემცირება, როგორც სესხების, ასევე ვალდებულებების, დეპოზიტების მიმართულებით, გაგრძელდება“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო მისიის ფონდის ხელმძღვანელის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ კრედიტის მიღება არ უნდა შეიზღუდოს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის.

„თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ იმ რეგულაციას , რომელიც საქართველოშია, ის საკმაოდ რბილია, რადგანაც სხვა ქვეყნების უმრავლეს შემთხვევაში არ ხდება ე.წ. არაოფიციალური შემოსავლების გათვალისწინება შემოსავლებში, ხოლო ის რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს, ამას განიხილავს და უშვებს. საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა შეიმუშაონ ის წესები და მიდგომები, რომლითაც განსაზღვრავენ არაოფიციალურ შემოსავლებს. თუ ვინმეს აქვს შემოსავალი, რომელიც არ არის ოფიციალური, ამის გათვალისწინება აბსოლუტურად შესაძლებელია სესხის აპლიკაციის განხილვისას. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით და იმის ანალიზით, თუ რამდენად კარგად ხდება ამ დაშვების გამოყენება, აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა იმ მსესხებელმა, რომელსაც სესხის მომსახურეობის საშუალება აქვს, მიიღოს სესხი და ჰქონდეს წვდომა ფინანსურ რესურსებზე“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ასევე, დაგაინტერესებთ:

ერთ დღეში ევრო და დოლარი 2 თეთრით გაძვირდა
| Print |