ეკონომიკა
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა

 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 10 ივნისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,კრედიტ პლუს ჯორჯია“ გაუქმდა.

განკარგულების თანახმად, დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

„ეს განკარგულება გაეგზავნოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. განკარგულება ამოქმედდეს მხარისთვის მისი გაცნობისთანავე,“- აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63, მარტ-აპრილში - 61 ფუნქციონირებდა; ხოლო 15 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 57 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

გასული წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 72 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული.

 

| Print |