ეკონომიკა
რუსეთი ქართულ ავიაკომპანიას ვადაგადაცილებულ დავალიანებას ედავება
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს.  ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადებას tv9news.ge უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს.

მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, ტრანსფერის დრო იქნება დაახლოებით 1 საათი"
,- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ავიაკომპანიების რეისები 8 ივლისიდან შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

„ამ დროისთვის დავალიანების საერთო რაოდენობა 792 543,19 აშშ დოლარი და 592 251,95 რუსული რუბლია. ქართულმა მხარემ დავალიანება აღიარა 2008 წელს და მას შემდეგ არ დაუფარავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება.

Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მეზობელ ქვეყანასთან პრინციპული მოლაპარაკებებია საჭირო, რადგან არაპრინციპულ ქმედებებს ის შედეგი მოაქვს, რომელიც დღეს დადგა. მისი თქმით, კომპანიას რუსეთის მიმართ არანაირი დავალიანება არ აქვს.

„ეკონომისტები უკვე ითვლიან, ასეული მილიონობით ზარალი მოგვაყენა დღეს იმ ქმედებებმა, რაც მოხდა. ჩვენი მხარის არაპრინციპულობამ მიგვიყვანა იქამდე, რაც დღეს ხდება. გამოსავალი არის მოლაპარაკება, პრინციპული მოლაპარაკება ყველა საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე. უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები და არ გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებდით დღემდე - ჩვენ ყველაფრის დათმობის პოლიტიკა გვქონდა და მივედით ამ დონემდე".
| Print |