ეკონომიკა
,,მესხური წითელი" – გიორგი ნათენაძის გამარჯვებული ღვინო
,,ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი. ბრინჯაო, მაინც არაუშავს" - მესხმა მეღვინემ გიორგი ნათენაძემ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სწორედ ,,მესხური წითელი"–ს კიდევ ერთი წარმატების შესახებ აღნიშნა.

ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსში, 320 ნიმუშით 120 კომპანია მონაწილეობდა. ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს, მესამედ ჩატარდა.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ასევე ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები ლიზა გრანიკი (აშშ), მაგდა სურგულაძე, ვლადიმერ კუბლაშვილი, გეორგ ბინდერი (გერმანია), ვანო შიუკაშვილი და ირმა ჭანტურია. გამარჯვებული ღვინოები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომებს მიიღებენ.

კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

| Print |