ეკონომიკა
ფერსაში მიწებს არ თმობენ, სახელმწიფო იძულებით ჩამორთმევაზე მუშაობს
ახალციხის სოფელ ფერსაში მაღალი ძაბვის 220კვ. ელექტროგადამცემმა ხაზმა გაიარა. კომპანიას ანძების დადგმა ადგილობრივების მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებთან მოუწია. სანაცვლოდ მშენებელმა მეპატრონეებს ერთ კვ.მ. მიწის ფართობზე 38 თეთრი გადაუხადა, სამ ოჯახთან კი შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.

თენგიზ ჯეირანაშვილი სოფელ ფერსაში ერთ-ერთია, ვის ყანაშიც ანძა დაამონტაჟეს. ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელმა მასთან მოლაპარაკება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს.

„ამხელა ბოძებმა ჩემს ყანაზე გადაიარა. მოსალაპარაკებლად ახლა მოვიდნენ, მაგრამ თანხმობას არ ვეუბნები. ვუთხარი რატომ და რა უფლებით მართმევთ ყანას-თქო. ცივილიზებულ ქვეყანაში ჯერ ხალხს მოელაპარაკებიან და სამუშაოებს მერე იწყებენ, აქ ჯერ ბოძები ჩაარჭეთ და ახლა მოხვედით ჩემთან თქო “.

შუახნის მამაკაცი მიწის დათმობას მანამდე არ აპირებს, სანამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ამბობს, რომ ეს მისი მამა-პაპისეული მიწაა და კომპანიის მიერ შემოთავაზებული, 1კვ.მ.-ზე 38 თეთრი ძალიან ცოტაა.

„ორი ძმანი ვართ. მომცენ ორი ორ ოთახიანი ბინა, ერთი თბილისში, მეორე ახალციხეში, ან შესაბამისი ფულადი ანაზღაურება და უარზე აღარ ვიქნები, მაშინვე გადავცემ მიწას“,
- ამბობს თენგიზი.
ადგილობრივების ნაწილმა მიწის ნაკვეთი მოლაპარაკების გზით დათმო. კომპენსაცია ყველას ეცოტავება, თუმცა ამბობენ, რომ ამის გამო დავა აღარ დაიწყეს.

„გაგვიჩნდა კითხვა რატომ იხდიან ასე ცოტას მიწებში, კომპანიამ კი ასეთი პასუხი გაგვცა, მიწის ღირებულება აუდიტის სამსახურმა დაადგინაო“,- გვითხრეს ფერსაში.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზმა ჯიმშერ გოგოლაურის ყანაზეც გაიარა. შეთავაზებული ფასით ისიც უკმაყოფილოა, ამიტომ კომპანიას მისი ნაკვეთის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სახლს სთხოვს.

„ფერსაში არ ვცხოვრობ, თუმცა სამომავლო გეგმებში მაქვს იქ გადაცხოვრება. მრავალშვილიანი მამა ვარ და ბავშვები როგორ ვაცხოვრო გამოსხივების ქვეშ. მომცენ სხვა მიწა, სადაც შევძლებ სახლის აშენებას. წინასწარ არ უკითხავთ ხალხისთვის აზრი, იყვნენ თუ არა თანახმა. თუ დადგინდებოდა, რომ წინააღმდეგი არავინ იქნებოდა, ამის მერე ფასზე უნდა დაგვეწყო მოლაპარაკება, მაგრამ მოსალაპარაკებლად არავინ მოსულა“.

მერის წარმომადგენელი ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში მიიჩნევს, რომ ადგილობრივებმა კომპენსაცია შესაფერისად მიიიღეს. „საქართველოს გაერთიანებულმა ელექტროსისტემამ“ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის გარდა, სოფელ ფერსაში ორი სახლი მეპატრონისთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინა.

„ეს ხალხის ბუნებაა, ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ უმეტესი დადებითადაა განწყობილი. კომპანიამ სოფლის მაცხოვრებლებს უფასოდ აუზომა მიწები. გარდა ამისა, ვინც ჩაწერა რომ მე ამ მიწაზე ვთესავდი სიმინდს და ლობიოს, უფრო მეტი გადაუხადეს, თივაზე ცოტა ნაკლები მისცეს“, - ამბობს გიორგი ბლიაძე.

მაღალი ძაბვის 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურ „ახალციხეს“ და ქვესადგურ „ბათუმს“ აკავშირებს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით მომზადდა, საკომპენსაციო თანხა კი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ განისაზღვრა.

„ჯეირანაშვილმა, თანხის სიმცირის გამო უარი განაცხადა შეთავაზებულ კომპენსაციაზე. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები (ექსპროპრიაცია - საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე. ავტ.შენ.)
შეთავაზებულ წინადადებაზე უარს აცხადებს ჯიმშერ გოგოლაურიც, როგორც თავად განმარტავს, ისიც საკომპენსაციო თანხების სიმცირის გამო. მოქალაქე ასევე უარს აცხადებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ამ შემთხვევაშიც, გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურა“, -
განმარტავენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.

სააქციო საზოგადოება მოსახლეობის შიშებსაც ეხმიანება. აქ ამბობენ, რომ სადენიდან 25 მეტრში მაცხოვრებლები კომპენსაციის სანაცვლოდ გაასახლეს, დაცვის ზონის გარეთ კი ელექტრომაგნიტური ველი ჯანმრთელობაზე არ ზემოქმედებს.

„ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ ტექნიკის იმ საშუალებებს, რომლებიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებზე გაცილებით მეტ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. მაგალითისთვის, მიკროტალღური ღუმელის მოხმარებისას, მისგან 30 სმ-ში მაგნიტური ველის ზემოქმედება 14-ჯერ მეტია ვიდრე 220 კვ-იანი გადამცემი ხაზის სადენიდან 25 მეტრში“.

„ახალციხე-ბათუმის“ პროექტი მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში ფინანსდება. მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და წელს უნდა დასრულდეს. მასზე დაახლოებით, 37 მლნ. დოლარი იხარჯება.

„აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უზრუნველყოფს ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას, მინიმუმამდე დაიყვანს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევებს და უზრუნველყოფს აჭარის ტურისტულ ზონაში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას”,- ამბობენ სააქციო საზოგადოებაში.

ამის მიუხედავად, ფერსაში მცხოვრები სამი ოჯახი, მიწის ნაკვეთების დათმობას არ აპირებს. ისინი კომპანიისგან გაცილებით მეტ კომპენსაციას ელიან.


| Print |