ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ვის გაუძვირდა კრედიტი?
საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის, 2019 წლის 25 სექტემბრის პირველი რიგგარეშე სხდომა დასრულდა. სებ-მა სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით, 7.5%-მდე გაზარდა. ეს ნაბიჯი ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინების შემცირებას და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

იმ მოქალაქეებს, ვისაც სესხი ცვლად განაკვეთზე ჰქონდა მიბმული, სესხის მომსახურება გაუძვირდებათ. რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა კომიტეტის წინა სხდომაზეც.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება:

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. როგორც კომიტეტის 4 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე. ამავე დროს, კომიტეტმა, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობაზეც აღნიშნა.

კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება."
| Print |