ეკონომიკა
რა ეკრძალებათ საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა. პროექტში მკაცრად გაიწერა, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა ეკრძალებათ.

ასევე მიუღებელია ვადაგადაცილებული სესხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება; არ უნდა იცრუონ და დაემუქრონ მომხმარებელს თავისუფლების აღკვეთით.

"იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს ან არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ან მასზე არაეთიკური ქცევით ან სიტყვიერად ახდენდნენ ზეწოლას და გვინდა, რომ ეს პროცესი მოვაწესრიგოთ და უფრო საქმიანი გავხადოთ", - თქვა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკებისთვის მევალეებთან ურთიერთობის ეთიკის კოდექსის დარღვევა სანქციებს ითვალისწინებს.

პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, რომელსაც მიმართავენ ადამიანები, რომელთა პერსონალური მონაცემებიც სხვა პირზე გაიცემა. დამრღვევი კომპანიის მიმართ სანქციების გაზრდის მოთხოვნით ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს კანონპროექტით მიმართა.

| Print |