ეკონომიკა
რესტორნებში შემცირებულ კლიენტებზე ჩივიან
3 ლარით გაძვირებული საქონლის და 2-3 ლარით გაძვირებული ღორის ხორცი, გაუფასურებული ლარი და 20-25%-ით მომატებული ფასი იმპორტირებულ პროდუქციაზე - ამ ყველაფერმა რესტორნების გაძვირება და მომსახურების ამ სფეროში კლიენტების კლება გამოიწვია. რესტორნის მეპატრონეები ამბობენ, რომ 2019 წელი რთული იყო, რადგან ზაფხულში ტურისტების სიმცირეც შეინიშნებოდა.

ბოლო პერიოდის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ძვრებმა ადგილობრივ ბაზარზე დიდი რყევა გამოიწვია, რასაც პროდუქტის გაძვირება მოჰყვა. საშუალოდ, საკვებ პროდუქტებზე 20-25 პროცენტიანი მატებაა. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა ბაზრისთვის და, ბუნებრივია, კვების დაწესებულებებისთვისაც.

წამყვანი მსხვილი მიმწოდებლების გარდა, კვების ობიექტების მეპატრონეები პროდუქციას გლეხებისგანაც ყიდულობენ. ფასები მათ პროდუქტზეც გაიზარდა. შესაბამისად, ერთი მხრივ, კურსის ცვლილება, მეორე მხრივ კი, სხვა პროდუქტების ფასის მატება გახდა სარესტორნო მომსახურების გაძვირების მიზეზი.

ბარ-რესტორნებში მომსახურების გაძვირება, იმპორტირებულ და ადგილობრივ პროდუქტებზე ფასის ზრდას უკავშირდება. კვების ობიექტების უმრავლესობა კლიენტების კლებას უჩივის. ზოგიერთი რესტორანი, კლიენტების შენარჩუნების მიზნით, სტუმრებს უცვლელ ფასს სთავაზობს, რაც ნიშნავს დაბალ ხარისხს ან წამგებიან ბიზნესს. რესტორნები, რომლებიც არ ადასტურებენ, რომ ფასები გაზრდილია ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს პროდუქტის ხარისხის ხარჯზე არ ხდება.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ რესტორნებმა ფასები მკვეთრად გაზარდეს და ეს სცილდება ყველანაირ ზღვარს.
| Print |