ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება სექტემბრიდან დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ჯამში 1 პროცენტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსის ზეწოლა ინფლაციაზე.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადეს უწყებაში. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება.
| Print |