ეკონომიკა
102 700 მომხმარებელს სესხი გაუძვირდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ასეთი 102 700 სესხია გაცემული. მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1%-ით, 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. 

102 700 ხელშეკრულებიდან 28 300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 667.12 მილიონი ლარი.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, 37 500 სესხია მიბმული. 

33 100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2 696.20 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 949.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.48%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 746.82 მილიონი ლარით დააკრედიტეს. 

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.881 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.36%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 71.607 მილიონი ლარია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2 604 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.18%-დან 11.28%-მდეა შემცირებული.
| Print |