ეკონომიკა
700 000 მოქალაქე აზარტულ თამაშებშია ჩაბმული
700 000 მოქალაქე აზარტულ თამაშებშია ჩაბმული - სიკვდილის ინდუსტრია თუ ქვეყნის ეკონომიკური აყვავების ბერკეტი? აზარტული თამაშების სლოტ-კლუბების და კაზინოების პოპულარიზაცია-რეკლამირება მასმედიის და სხვა საშუალებით ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს, რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება აზარტულ თამაშებში.

გემბლინგი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - 21 საუკუნის ერთ-ერთი სენია, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დონით ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება. გემბლინგს ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს.

აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის აკრძალვის ინიციატივით პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოვიდა. თემა განსააკუთრებული სიმწვავით პირველი არხის ოპერატორის  თვითმკვლელობით დასრულებულმა სიცოცხლემ განაპირობა.  

2000 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) პირველად აღიარა და უწოდა გემბლინგს - თამაშით გამოწვეულ აშლილობას, დაავადება.

ამ დაავადების შედეგად მთელ მსოფლიოში იკლავს თავს ათასობით ადამიანი: შტატებში მოთამაშეების 20% ავლენს თვითმკვლელობის მიდრეკილებას.

შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თვითმკვლელობის შემთხვევებმა 19-ჯერ იმატა 20-დან - 49 წლამდე მამაკაცებში და 15-ჯერ ყველა ასაკის მამაკაცებსა და ქალებში.

„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში კატასტროფულად მაღალია მოზარდების დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ. მათ მიერ გამოკითხული 14-18 წლის 500 მოზარდიდან 48% ონლაინ აზარტულ თამაშებს თამაშობს, მაგრამ, ამასთან, თითქმის ყველა მათგანი ამ აქტს გართობას უწოდებს.

ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდობით, ქვეყანაში ასე „ერთობა“ 700 ათასამდე ადამიანი - 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ონლაინ-თამაშებში 500 000-ზე მეტი პირი იყო ჩართული, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი კი 20 წლამდე ასაკის ადამიანი იყო.

თამაშდამოკიდებულმა ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ნებისმიერი მოთამაშე უფრო მეტს აგებს, ვიდრე იგებს. მოთამაშის ტვინში, თუნდაც იშვიათი მოგებისა და გამარჯვების შედეგად გამოყოფილი დაჯილდოების ჰორმონი (დოფამინი) უბიძგებს მას თამაშისკენ.

ასე ყალიბდება ზოგადად ქცევა, თამაშის ქცევა, რომელსაც, მეცნიერების თქმით, ისეთივე დამოკიდებულება გააჩნია, როგორიც ოპიატს (2016 წელს, აშშ-ში მოთამაშეებმა დაკარგეს თუ წააგეს, 117 მილიარდი დოლარი. აქედან 85% სლოტ აპარატებზე). საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს ალკოჰოლზე, სიგარეტზე მოთხოვნას და მათზე მითითებულია რისკები.

,,როგორ ხდება პრობლემური მოთამაშის ჩამოყალიბება? ტრანსფორმაციის გზა - გართობიდან-დამოკიდებულებამდე, დაახლოებით ასეთია: ჯერ ხარჯავს თავის ფულს, მერე იღებს ვალს მეგობრებისგან, მერე იღებს სესხს ბანკიდან, მერე მიკროსესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, მერე გააქვს და ყიდის ნივთებს სახლიდან, მერე დებს სახლს ბანკში... მერე თავს იკლავს, სანამ სხვამ მოკლა ჩაუბარებელი თავანის გამო. და ასე ცხოვრობს მთელი ქვე-ყანა, უფრო სწორად ქვე-ყანაში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი.

გემბლერები, მოთამაშეები თვითმკვლელობის მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან. მათთან უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები. მეტიც - მათ ოჯახებთან უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები ისევე, როგორც მუშაობენ, მაგალითად, ნარკოტიკზე დამოკიდებული პირის ოჯახის წევრებთან ზიანის შემცირებაზე და თანადგომაზე"
- წერს გიორგი კალატოზიშვილი.

აზარტული თამაშები ოფიციალურად 1520 წელს საფრანგეთში მეფე ფრანცისკ I-ის ბრძანებით დაკანონდა. პირველი კაზინოები კი პარიზში 1765 წელს გაიხსნა. აზარტული თამაშების სახლები გართობასთან ერთად, უამრავი უკანონო საქმიანობის, მათ შორის შავი ფულის გათეთრების ყველაზე კარგი საშუალება იყო.

საქართველოში სათამაშო ბიზნესი 2005 წლიდან რეგულირებულია რამდენიმე კანონით. მანამდე, იყო გარკვეული ბრძანებულებები, თუმცა კონკრეტული კანონი აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ არ არსებობდა.

ამჟამად, საქართველოში სათამაშო ბიზნესს სამი კანონი არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“.
| Print |