ეკონომიკა
ბიზნეს სექტორში ქალების საშუალო ხელფასი კაცების ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის III კვარტლის ქალებისა და კაცების საშუალო ხელფასი დაითვალა. საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში ქალების საშუალო თვიური ხელფასი  979.8 ლარია, რაც 577 ლარით ნაკლებია კაცების საშუალო ხელფასზე, რომელიც 1557.2 ლარს შეადგენს. 

საწარმოთა საქმიანობის შედეგების თანახმად, 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა 64%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს. კერძოდ, 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. აქედან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი. 

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი.

2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.9 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.3 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.8 პროცენტი).
| Print |