ეკონომიკა
„სამეფო აბასთუმანი“ 2021 წელს გაიხსნება - კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ისტორიული აბანო „სამეფო აბასთუმანი“ 2021 წლის გაზაფხულზე გაიხსნება - აცხადებენ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია ,,რედიქსში".

„რედიქსმა“ ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12 მლნ აშშ დოლარია.

ამ ეტაპზე ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივები, ხოლო გახსნის შემდეგ კი, 35 ადამიანი დასაქმდება.

როგორც „რედიქსში“ განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისას გასათვალისწინებელი იყო ობიექტის უმძიმესი მდგომარება კონსტრუქციული და საინჟინრო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.

„გაიწმინდა მიწით სავსე მინუს 1 სართული და გვირაბები, რომელიც ტურისტულ დატვირთვას შეიძენს. განთავსდება სარელაქსაციო სივრცე და გოგირდის საშხაპეები. 6 საშხაპეს შეუნარჩუნდება ტრადიციული ფუნქცია და მოემსახურება აბასთუმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ჩატარდა ჰიდროგეოლოგიური კვლევა, რის შედეგადაც, საბოლოოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მოეხსნება ნესტისა და წყლის პრობლემა.

ამჟამად მიმდინარეობს ფასადის აღდგენითი სამუშაოები. ლესვითი სამუშაოების პარალელურად, გარკვეულ ნაწილს შეუნარჩუნდება ავთენტური ქვის ფასადი. მინუს 1 სართულზე მოეწყობა მცირე მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც - აბანოს, ისე - აბასთუმნის ისტორია.

მუზეუმი, აბანოები და წყარო „ბოგატირსკი“ ერთმანეთთან დაკავშირებულია მიწისქვეშა გვირაბებით ფასადზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიული საათის გაწმენდას და ამ მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

საათი ჟან ანდრე და ჟან ბატისტ (უმცროსის) ლეპოტების მემკვიდრის - ანრი ლეპოტის სახელოსნოშია შესრულებული. ლეპოტების გვარი - საფრანგეთის მეფეების ბურბონების კარზე XVIII საუკუნის დასაწყისიდან მოღვაწე მესაათეების ცნობილი გვარია.

დაიწყო რემერტის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მას დაუბრუნდება მე-20 საუკუნეში უხეში ჩარევის შედეგად დაკარგული პირვანდელი იერსახე რეაბილიტირებული სამეფო აბანო მოემსახურება 115 ადამიანს. ის მოიცავს სასტუმროს 5 ნომერს 10 ადამიანზე, 19 აუზიან ნომერს, 6 საშხაპეს, 2 დარბაზს და საერთო სარელაქსაციო სივრცეებს“,
- აცხადებენ „რედიქსში“.

bm.ge - ის ინფორმაციით, ისტორიული აბანოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს საფუძვლად დაედო “იკომოსის“ დოკუმენტაცია: 1. „რესტავრაციისთვის კვლევითი და საპროექტო სამუშაოები. 2. ადიგენის რაიონი, კურორტი აბასთუმანი ასათიანის ქ.#1 (აბანო)“ და 3. მაია მანიას სახელოვნებათმცოდნეო კვლევა -„კურორტ აბასთუმნის აბაზანების შენობისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურის ისტორიულ- ბიბლიოგრაფიული, არქეოლოგიურ-არქიტექტურული კვლევა.“
| Print |