ეკონომიკა
2019 წლის 9 თვეში მთავრობის შრომის ანაზღაურება 1.1 მილიარდ ლარამდე, მივლინების ხარჯები კი 62 მილიონამდე გაიზარდა
გაძვირებული ცხოვრების ფონზე მთავრობის შენახვაც სულ უფრო ძვირი ჯდება.

ინფლაციის ზრდის პარალელურად საქართველოში ცხოვრება სულ უფრო ძვირდება, მოსახლეობას ყოველდღიურად გაძვირებული პროდუქციის შეძენა უწევს, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. ამ ყველაფრის ფონზე კი მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯებისთვის სულ უფრო მეტი თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან. საქართველოს აუდიტის სამსახურის, პროექტ ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით 2019 წლის 9 თვეში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 53 მილიონი ლარით მეტია.

გაზრდილია პრემია/დანამატების რაოდენობაც, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საჯარო დაწესებულებებში ჯამში 167 მილიონი ლარის პრემია/დანამატი გაიცა. პრემია–დანამატების წილმა შრომის ანაზღაურებაში 15% შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 149 მილიონი ლარის პრემია/დანამატები იყო გაცემული.

ბიუჯეტის მონიტორის ცნობით, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის მიერ გაცემული პრემია 4.8 მლნ ლარია, ხოლო სახელფასო დანამატები 163 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. თუ წინა წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სულ 141 მილიონი ლარის დანამატები გამოიწერა, წელს იგივე მაჩვენებელი 22 მილიონით გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილია დანამატების ხვედრითი წილი მთლიანად მთავრობის შრომის ანაზღაურებაშიც.

3.7 მილიონითაა გაზრდილი მივლინების ხარჯები, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მივლინებებზე 62.3 მილიონი ლარი დახარჯა. ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მივლინების ხარჯები 58.6 მილიონს შეადგენდა.

ამჟამად საქართველოში მოქმედებს 11 სამინისტრო: შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ბანკების და ფინანსების ინფორმაციით, გერმანიას 15 სამინისტრო აქვს, იტალიას – 18, საფრანგეთს -16, ესპანეთს – 17, უნგრეთს – 11, ბულგარეთს – 16, ლიეტუვას – 14, პოლონეთს – 19, ფინეთს – 11, ხორვატიას – 20, რუმინეთს – 15, კვიპროსს – 11, ჩეხეთს – 14, ესტონეთს – 11, სლოვაკეთს – 13, სლოვენიას – 14, მალტას – მალტას 13, შვედეთს – 12, ლატვიას – 13, ავსტრიას – 10, დიდ ბრიტანეთს – 25 და ა.შ.

გარდა ამისა, თუ შედარებას იმის გათვალისწინებით მოვახდენთ, რომ საქართველოში მხოლოდ 3.717 მილიონი ადამიანი (2017 წლის აღწერით) ცხოვრობს, გამოდის, რომ 1 სულ მოსახლეზე 0.0000029 სამინისტრო გვაქვს, რაც ბევრად აღემატება დანიის, ირლანდიის, სლოვაკეთისა და ფინეთის მაჩვენებლებს – იმ ქვეყნების, რომლებიც პოპულაციით ჩვენი მსგავსია.

| Print |