ეკონომიკა
14 თვიანი ლოდინის შემდეგ შერჩეული თავმჯდომარე (ვიდეო)
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თავმჯდომარედ 14 თვიანი ლოდინის შემდეგ ხელმძღვანელი შეირჩა. აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე პროფესიით იურისტი დავით მუმლაძე დაინიშნა.

დავით მუმლაძე აღნიშნულ პოსტზე ორჯერ უშედეგოდ ჩატარებული კონკურსის შემდეგ შეარჩიეს. ორგანიზაციაში კიდევ ერთი თანამშრომლის აყვანა იგეგმება. კონკურსი სამ პოზიციაზე იყო გამოცხადებული: აღმასრულებელი დირექტორი, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერი და მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

დავით მუმლაძე სხვადასხვა პერიოდში ახალციხის, აბასთუმნისა და ვალის პოლიციის უფროსის პოზიციებზე, ასევე საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროს გამომძიებლად, ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ და დეტექტივების განყფილების უფროსად მუშაობდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ააიპ–ი შეიქმნა. ორგანიზაციამ ტურიზმის მიმართულებით უნდა იმუშაოს და მისი ფუნქციონირებისთვის თანხა ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 2020 წელს გამოყოფილია 90 000 ლარი.

ტურისტულ ააიპ–ს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

რეგიონის და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი დიდია, ამიტომ რეგიონის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სწორედ ამ სფეროს განვითარებაა. ამ მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილე დანიშნა, რომელსაც ეს მიმართულება ჩააბარა. ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ რეგიონის პოპულარიზაციის მიმართულებით იმუშავებს.

DMO-ს მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. გამოწვევების განსაზღვა და პრიორიტეტების დადგენა, ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, სამცხე-ჯავახეთში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას.

| Print |