ეკონომიკა
"თიბისი" და "საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს


"თიბისი" და "საქართველოს ბანკი", კორონავირუსის პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე ბანკის ვებ-გვერდი ავრცელებს.

"საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი. ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი. თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444",
- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბანკი ავრცელებს.

"თიბისი" კი წერს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით ბანკი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს".

| Print |