ეკონომიკა
"კორონავირუსმა ტურისტების რაოდენობაზე იმოქმედა" - ახალციხის სასტუმროებში ჯავშნები გაუქმდა

 

ახალციხეში არსებული სასტუმროები, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ჯავშნების გაუქმებასა და ვიზიტორების შემცირებაზე ჩივიან. ადმინისტრაცია შიშობს, რომ ამ ვითარებაში, დასაქმებულებისთვის ხელფასების გადახდას ვერ მოახერხებენ და შესაძლოა, სასტუმროები გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ. სფეროს წარმომადგენლები შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ახალციხეში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმრო „მესხურ ოდას“ არც ერთი სტუმარი ჰყავს. ობიექტში მხოლოდ თანამშრომლები დაგვხვდნენ. მეპატრონე მანანა ხითარიშვილი გვიხსნის, რომ აპრილამდე სასტუმროს ყველა ნომერი დაჯავშნული ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების გამო, ტურისტებმა ყველა ჯავშანი გააუქმეს.
„სერიოზული ჩავარდნაა. 60 000 ლარის სესხი გამოვიტანე იმისათვის, რომ სასტუმრო ამეშენებინა. ბანკში როგორ უნდა გადავიხადო, წარმოდგენა არ მაქვს. თუ ასე გაგარძელდა, დამეკარგება ამდენი შრომა. წინა წლებში კარგად მუშაობდა სასტუმრო, ახლა კი თანდათან უკან მიდის. მთავრობის იმედი მაქვს მე, იმედია ჩვენს მდგომარეობას გაითვალისწინებს“, - გვითხრა მანანა ხითარიშვილი-ლომსაძემ, რომელმაც სასტუმრო ორი წლის წინ აამუშავა.

ვიზიტორების შემცირებაზე ჩივის სასტუმრო „Hotel”-ის მეპატრონე. ელზა გვირჯიშვილი ამბობს, რომ რისკის ქვეყნიდან ტურისტებს თავად არ იღებს.
„ჯავშნები ამ ეტაპზე ისედაც არ არის ბევრი, უფრო ზაფხულისკენ მოდიან ტურისტები. იყო ორი შემოთავაზება და არ მივიღეთ. შიშის ფაქტორია მაინც და თავი დავიზღვიეთ. ვირუსი აშკარად მოქმედებს ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე“.

ახალციხის ტურისტულ უბანში მდებარეობს სასტუმრო „ტერასა“. მისი მეპატრონის თქმით, გაუუქმდათ ირანის, ტაილანდისა და იტალიის ჯავშნები. იგივე გვითხრეს საოჯახო სასტუმრო „KESSANE“-ში. მეპატრონე ხათუნა ვოსკანიანი იმედოვნებს, რომ მძიმე გაზაფხულის შემდეგ, ტურისტული სეზონი ზაფხულში უკეთესი იქნება.

„იტალიიდან გააუქმეს ჯავშანი. წერილები მოგვწერეს, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით და თუ შეიძლება, რომ უფასოდ გაგვიუქმოთ ჯავშნებიო. ჯავშნების უმეტესობა იტალიიდან გაუქმდა. მგონია რომ 15 მარტის შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება“.

ახალციხეში ტურისტების რაოდენობა მხოლოდ სასტუმროებში არ შემცირებულა. ქალაქის მთავარ ტურისტულ ობიექტს - „ახალციხის ციხეს“, კორონავირუსის პანდემია თებერვლის თვეში დაეტყო. თუ 2019 წლის იანვარში კომპლექსს 2 445 ტურისტი ესტუმრა, 2020 წლის იგივე პერიოდში ეს ციფრი 2 759 იყო. მკვეთრი კლება შეინიშნება თებერვალში. 2019 წელს ციხეს 2 370 ვიზიტორი ჰყავდა, წელს თებერვალში კი მხოლოდ 1 744 ტურისტი. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კომპლექსზე ძირითადად პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა.

„საკმაოდ დიდი კლება აღინიშნება, არადა წლევანდელმა იანვარმა შარშანდელს საგრძნობლად აჯობა 300-ზე მეტი კაცით. თებერვალში უკვე ნაკლებია ტურისთა რაოდენობა. დეზინფექცია ჩავატარეთ და ხელშეკრულების თანახმად ხსნარებს ვხმარობთ დღეში სამ-ოთხჯერ. მოლოდინი გვაქვს, რომ როგორც კი მინელდება მსოფლიოში ეს სიტუაცია, შარშანდელ შედეგს ვაჯობებთ“, - გვითხრა კომპლექსის დირექტორმა დავით ტაბატაძემ.

კორონავირუსის პანდემიის პირველ დარტყმას, ტურიზმი და ქვეყნის ეკონომიკა მიიღებს. ამიტომ, სასტუმრებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდიშვილი მთავრობას ვალდებულებების გადავადებას სთხოვს. მისი თქმით, ჯავშნების 90% გაუქმდა ან ზაფხულ-შემოდგომისთვის გადავადდა.

„ჩვენ არ ვთხოვთ მთავრობას რაიმეს პატიებას, სუბსიდირებას, ვითხოვთ მხოლოდ ზოგიერთი ვალდებულების გადავადებას, ბანკებთან შუამდგომლობას, რათა სახელმწიფო გადასახადები იქნება თუ ბანკის კრედიტი, გადანაწილდეს შემდგომ პერიოდზე, როცა ვითარება გამოსწორდება“.

დღეს, 13 მარტს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი ოთხი თვით გადაუვადდებათ.
| Print |