ეკონომიკა
ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, რომ ამ კრიზისის დროს მოიქცეს ისე, როგორც უნდა მოიქცეს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი - გიორგი გახარია
შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მოსახლეობას 150-ზე მეტს შესთავაზებს დახმარების სახით.

„150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება. 150 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. ასევე, დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს.

,,მარტო სახელმწიფო არ არის ვალდებული, სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს. ყველა ბიზნეს-ორგანიზაცია ვალდებულია, რომ ამ კრიზისის დროს მოიქცეს ისე, როგორც უნდა მოიქცეს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი. ამიტომ, ვინც ისარგებლებს ამ ვითარებით, გადაივლის კრიზისი და მოვიკითხავთ ყველას. გარდა ამისა, ორგანიზაცია, რომელიც გაუშვებს თანამშრომელს, ვალდებულია მას გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ვერც ერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია დღეს ზუსტად ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა, ეს შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
| Print |