ეკონომიკა
50 კგ-იანი ტომარა ფქვილის ფასი არაუმეტეს 51 ლარი იქნება - საქართველოს მთავრობა
საქართველოში ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი დაიხარჯება. მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, თანხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო.

რაც შეეხება უშუალოდ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას, მისი მიზანია არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებული იქნება იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველი ხარისხის ერთი 50 კგ-იანი ტომარა ფქვილი არაუმეტეს, 51 ლარად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სუბსიდიის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

ამასთან, პროგრამის პირობების თანახმად, სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2 000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე. სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.
| Print |