ეკონომიკა
15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება

 

15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

„პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“ - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. როგორც მან განმარტა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები წლის ბოლომდე გადავადდება.

„2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას - ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, რაც ასევე დარგის განვითარებისთვის სერიოზული მხარდაჭერა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

| Print |