ეკონომიკა
საქართველოში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 11.9% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.6 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.2 და 0.5%-ით. 

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.1%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.9%. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 1.4%ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.9%.

2020 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2020 წლის 1-ელ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 0.6 პროცენტული პუნქტით.

2020 წლის 1-ელ კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით,“-ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში დასაქმებულთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 300 კაცით შემცირდა და 1 667 500 შეადგინა.

დაქირავებულთა რიცხვმა მიმდინარე წელს 849 ათასი კაცი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის 1-ელ კვარტალში 847 900 იყო; 19 600 კაცით შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობაც და 817 800 შეადგინა.

bpn.ge
| Print |