ეკონომიკა
საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 960.4, ხოლო კაცების - 1 423.9 ლარია - საქსტატი
2020 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1%-ით ანუ 110 ლარით გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1%);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8%);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2%);
  • მშენებლობა – 1 703.0 ლარი (წლიური ზრდა 9.5%).
ასევე, 2020 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების - 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

"2020 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 75.2 ლარით გაიზარდა და 1 227.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 046.4 ლარი, წლიური ზრდა -0.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 922.0 ლარი, წლიური ზრდა 8.2 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება", - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
| Print |