ეკონომიკა
კონკრეტულ ფრენებს უსაფრთხო დერეფნების მიხედვით დავუშვებთ - ეკონომიკის მინისტრი
აგვისტოში ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ფრენების შეჩერების რეჟიმს, მაგრამ უსაფრთხო დერეფნების მიხედვით კონკრეტულ ფრენებს დავუშვებთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ტაქტიკა და პოლიტიკა ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მაისში იყო ცნობილი და მთავრობა ამას ახორციელებს.

ნათია თურნავამ ასევე „რაინეარის“ და „ვიზეარის“ ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითვებსაც უპასუხა.

„რაც შეეხება „რაინეარს“ და „ვიზეარს“, შეგახსენებთ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ვიზიარი 2016 წელს შემოსულიყო საქართველოში. 2019 წელს გაეფართოებინა არეალი და ამავე წელს შემოსულიყო „რაინეარი“. ეს ჩვენთვის არის ძალიან ღირებული პარტნიორობა. ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ. ვურთიერთობთ, რომ გავიდეთ იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე ფრენების, რაც მათთვისაც მიმზიდველი იქნება, მაგრამ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად არ დაგვაზარალებს.

მე ვხედავ მცდელობას, რომ ვიღაცამ ჩვენ შორის მედიატორის ფუნქცია იკისროს. არ არის ეს საჭირო. ჩვენ შორის ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ არსებობს. თუკი ამ კომპანიებს შეკითხვა უჩნდებათ, პირდაპირ მოგვმართონ და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაურია, სხვადასხვა ტიპის შეკითხვა, ამის გამო ხომ არ ხდება და იმის გამო... ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია, ეს არის ადამიანების დაცვა“
, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
| Print |