ეკონომიკა
მესხი მეღვინის გზა ევროპის ბაზრისკენ
მესხური ყურძნის 24 დასახელების აღდგენილი ჯიში, ევროპაში გასატანად წელიწადში ჩამოსხმული 5000 ბოთლი ღვინო, ამერიკული პრესის შეფასებით ექვს საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს შორის დასახელებული ,,ნათენაძის მესხური ღვინო“ - ეს მცირე შედეგია იმ შრომის, რომელსაც ნათენაძეების ოჯახმა ბოლო წლებში მიაღწია.

გიორგი ნათენაძე საკუთარი ბიზნესის გაუმჯობესებასთან ერთად მესხური კულტურის პოპულარიზაციას ოჯახთან ერთად ცდილობს. ამის ნაწილია ,,ჭაჭკარის განვითარების ფონდის“ მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც მე-16 საუკუნემდე დაკარგული მესხური ისტორიის არქივებზე კვლევას გულისხმობს.

მევენახეობა და მესხური ჯიშების აღდგენა ნათენაძეების ოჯახმა დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. წინაპრების დაწყებული საქმის აღდგენას თან მოყვა მრავალწლიანი ძიების გზა უნიკალური და მივიწყებული მესხური ჯიშების აღმოსაჩენად.

მესხური ხარის თვალა, მესხური ძუძუ, კლერტმაგარა, მესხური შავი, მესხური საფერავი და სხვა – სულ 24 ჯიშის ძირძველი ვაზი, 23 ჰექტარზე, ასპინძაში გაშენდა. გიორგი ნათენაძე ერთ ჰექტარზე 5 ტონამდე ყურძენს იღებს. ტერასებზე 36 000 ძირი ვაზია გაშენებული და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ახალი ჯიშების მოძიება და დარგვა. აღნიშნული ჯიშები მეღვინემ ასპინძის მიმდებარე სოფლებიდან შეაგროვა, შემდეგ კი მისი იდენტიფიცირება მოახდინა. ასპინძაში ,,მესხურ ტერასებზე'' 400 წლის შემდეგ პირველი რთველი 2018 წელს ჩატარდა. რთველში მონაწილეობა ქართველ სტუმრებთან ერთად ამერიკელმა, ინგლისელმა, ფრანგმა და იტალიელმა ტურისტებმაც მიიღეს.
გიორგი ნათენაძის აზრით, მესხური ტერასების აღდგენა, სამცხე–ჯავახეთში აგროტურიზმს განავითარებს და მას მთელს მსოფლიოს გააცნობს. ტერასული მევენახეობის სახით აღდგენილი მესხური ღვინის ისტორია არაერთი ტურისტის დაინტერესებას იწვევს.

მას შემდეგ, რაც მესხმა მეღვინემ 24 დასახელების ყურძნის ადგილობრივი ჯიში აღადგინა, საკუთარი ღვინის ექსპორტზე გატანა დაიწყო. პანდემიის მიუხედავად, 5 000 ბოთლ მესხურ ღვინოს ევროპის ცხრა ქვეყანაში ჰყიდის, რაც მის მიერ წარმოებული პროდუქციის 80% -ია. მესხური ღვინის საექსპორტო ფასი 15 ევროდან იწყება და ჯიშების, ასევე დაძველების მიხედვით იზრდება. ნათენაძეების ჩამოსხმული ღვინის დაგემოვნება ევროპის გარდა ამერიკაში, კანადასა და იაპონიაშიც არის შესაძლებელი. რეალიზაცია საქართველოში არ უჭირს, თუმცა ამჯობინებს, რომ მესხური ღვინო მსოფლიოს გააცნოს. იმედოვნებს, რომ სამომავლოდ მესხური პროდუქციის გაზრდილი წარმოებისთვის, ევროპის ბაზარი რეალიზაციის სტაბილურ სივრცედ იქცევა.

,,მარტივი არ არის იმას მიაღწიო, რომ ნაწარმი ექსპორტზე გაიტანო. ამისთვის ძალიან ბევრი წელი და შრომა დამჭირდა. დღევანდელი პოპულარობა და გაყიდვები იმის საფუძველია, რომ მომავალში ევროპის ბაზარზე სტაბილურად ვიყო წარმოდგენილი. მთავარია სუფთა, ნატურალურ ღვინოს აკეთებდე, იცოდე მოვლა და შეინარჩუნო ხარისხი“, - ამბობს გიორგი ნათენაძე.

ნათენაძის მესხური ღვინო 2019 წელს ლოს ანჯელეს თაიმსმა მსოფლიოს ექვს საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს შორის დაასახელა, რომელიც 2020 წელს აუცილებლად უნდა გაისინჯოს.

„ძალიან ბევრი საინტერსო სტატია დაიწერა მესხურ ღვინოზე , ეს არ არის ერთი ადამიანის შეფასებული, ჩემდა დამოუკიდებლად ხდება ბარებში ღვინის ყიდვა-გაყიდვა. შემდეგ სტატიები იწერება და ყოველდღიურად მოთხოვნაც იზრდება" - ამბობს გიორგი ნათენაძე.
ნათენაძეების ოჯახი მესხურ ღვინოს 2009 წლიდან აწარმოებს. ევროპაში ოჯახის წარმოებულ ღვინოს პოპულარიზაციას გიორგის ძმა სოსო ნათენაძე უწევს. მან ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში - უიმბლდონში, ქართული ღვინის ბარი გაიხსნა “Merton Café & Wine Bar“-ში მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი.

სოსო ნათენაძე ლონდონში საცხოვრებლად 2006 წელს გადავიდა. 2018 წელს კი კომპანია “8000 Vintages“ დააარსა და მეღვინე ძმის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ნატურალური ქვევრის ღვინოები ლონდონში შეაქვს და ონლაინ ჰყიდის.

„ბარის იდეაც ღვინოსთან დაკავშირებული საქმით გაჩნდა. ლონდონში დღეს ვერც ერთ ბარს ან რესტორანს ვერ იპოვით, სადაც ქართული ღვინის ფართო არჩევანია, ამიტომ გავხსენი მეგობართან ერთად და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს“, - გვიყვება ლონდონიდან სოსო ნათენაძე.
მეღვინე, რომელმაც ადგილი ევროკავშირის ბაზარზე დაიმკვიდრა ახალბედა მეწარმეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ამბობს, რომ პროდუქციის წარმატებისთვის ღვინის ხარისხთან ერთად მთავარი მისი რეკლამირება და ცნობადობის გაზრდაა.

„ექსპორტზე პროდუქტის გატანა მარტივი არ არის, ამისთვის ბევრი წელი დამჭირდა. დღემდე რაც კი თანხა შემოდის, მესხური ღვინის რეკლამირებაში ვხარჯავ. მომავალში რთველი უფრო ფართო მასშტაბით გვექნება და შესაბამისად მეტი რაოდენობის ღვინის წარმოებას შევძლებთ “ - იმედოვნებს გიორგი ნათენაძე.

პანდემიამ, სხვების მსგავსად მესხ მეღვინესაც შეუშალა ხელი, თუმცა მუშაობის განახლება მაინც შეძლო და ახალი შეკვეთებიც მიიღო. ამბობს, რომ ზაფხულში ღვინის შეძენის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც შეკვეთები აგვისტოს ბოლოს მზად უნდა ჰქონდეს.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |